აშშ-ირანი

ხამენეის თქმით, ტრამპი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რეგიონში მშვიდობა სურს

აიათოლა ხამენეი
Photo: AFP

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რეგიონში შვიდობა სურს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება სპარსეთის ყურეში ვიზიტის დროს გააკეთა.

ხამენეის თქმით, შეერთებული შტატები თავის ძალას იყენებს იმისთვის, რომ "10 ტონიანი ბომბები გადასცეს სიონისტურ რეჟიმს, რათა ის ღაზის ბავშვების თავზე ჩამოყაროს".

საუდის არაბეთიდან დაბრუნებისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ცუდი რამ მოხდება".

ხამენეის თქმით, ტრამპის სიტყვები "პასუხადაც არ ღირს". "ეს განცხადებები სირცხვილია როგორც განმცხადებლისთვის, ასევე ამერიკელი ხალხისთვის". - აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

"უდავოა, რომ რეგიონში კორუფციის, ომისა და კონფლიქტის წყარო სიონისტური რეჟიმია. საშიში, მომაკვდინებელი სიმსივნე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას და აღმოიფხვრება კიდეც". - თქვა ხამენეიმ თეირანში რელიგიურ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ ტრამპი მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ ამავე დროს მუქარებს იყენებს.

"რომელს უნდა დავუჯეროთ? ერთი მხრივ მშვიდობაზე საუბრობს, ხოლო მეორე მხრივ ყველაზე განვითარებული მასობრივი განადგურების იარაღით გვემუქრება". - თქვა ირანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ირანი განაგრძობს მოლაპარაკებებს აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე, მაგრამ მუქარის არ ეშინია. "ჩვენ ომს არ ვეძებთ". - აღნიშნა მან.

16 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადება შესტავაზა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თეირანს ასეთი წინადადება არ მიუღია.

"არ არსებობს სცენარი, რომელშიც ირანი თავის ლეგიტიმურ უფლებაზე, მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრებაზე, უარს იტყვის". - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, აშშ-ს პოზიციის მუდმივი ცვლილება მოლაპარაკებებს აჭიანურებს.

მანამდე ტრამპმა 15 მაისს თქვა, რომ აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა და დაამატა, რომ თეირანი "გარკვეულწილად" დათანხმდა ამერიკული მხარის პირობებს.

კომენტარები