კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე შეთანხმებების სახით კონკრეტულ შედეგებს მიაღწევს.
კრემლის პრესსპიკერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის შეთანხმებებს გულისხმობს.
"მთავარი და ფუნდამენტური საკითხი ჩვენთვის მაინც ის არის, თუ ვინ მოაწერს ხელს ამ დოკუმენტებს უკრაინის მხრიდან". - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, 15 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა რომ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საკუთარი ლიდერობა უნდა გამოიჩინოს და პირადად უნდა შეხვდეს მას. ზელენსკის თქმით, პუტინის ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ ის პატივს არ სცემს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს.
"მე ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა საკუთარი ლიდერობის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს და თუ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაშინ უნდა შემხვდეს ყოველგვარი წინაპირობისა და მსგავსი რაღაცების გარეშე. მოდი, შევხვდეთ. ჩვენ ახლა ანკარაში ვართ. ამის შემდეგ ვგზავნით ჯგუფს სტამბოლში. აქ ის არ არის, არც სტამბოლში არაა. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ეს ადამიანი ვეძებოთ." - თქვა ზელენსკიმ პუტინზე.