რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპის თქმით, პუტინი ომით დაიღალა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაღლილია ომით, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება და ამ ვითარებაში ის კარგად არ გამოიყურება.

"პუტინი დაღლილია ამ ყველაფრით  (ომით) და ის (არსებულ სიტუაციაში) კარგად არ გამოიყურება, მაგრამ მას უნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო და ის თავისი ტანკებით ტალახში რომ არ გაჭედილიყო, 5 საათში კიევში იქნებოდა. ვინ მისცა [უკრაინას] ჯაველინები? ბარაკ ობამამ მისცა? არა, ტრამპმა მისცა" –ამბობს ტრამპი.

კითხვაზე, თუ რატომ არ იყენებს ტრამპი დამატებით სანქციებს რუსეთზე წნეხის მოსახდენად, რათა რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, აშშ-ს პრეზიდენტი პასუხობს, რომ სანქციებს გამოიყენებს, როდესაც ამის საჭიროება იქნება. 

"მე გამოვიყენებ [მეორად სანქციებს] თუ შეთანხმება არ მოხდება. თურქეთში ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვნახავთ, რა მოხდება. რუსეთისთვის ეს გამანადგურებელი იქნება, რადგან მათ უკვე რთულად აქვთ საქმე ეკონომიკურად, ნავთობის ფასები დაბალია" – თქვა ტრამპმა. 

სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 16 მაისს გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

კიევი და მოსკოვი სტამბოლში დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე 1000-1000 ომის პატიმრის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

Axios-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა.

"რუსული მოთხოვნები რეალობას არის მოწყვეტილი და გაცილებით სცდება იმ საკითხებს, რაც აქამდე განხილულა". - უთხრა Axios-ს უკრაინელმა წყარომ.

შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და უმაღლეს დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად იყო.

კომენტარები