პაპმა ლეომ უკრაინასა და რუსეთს ვატიკანში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლობა შესთავაზა მას შემდეგ, რაც სტამბოლში 16 მაისს გამართულ შეხვედრაში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მონაწილეობა არ მიიღეს. ინფორმაციას ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით POLITICO ავრცელებს.
შედეგებს სტამბოლში გამართული შეხვედრისა, რომელსაც პუტინი, მოლაპარაკებების დაწყების იდეის ავტორი, თავად არ დაესწრო, ვატიკანმა "ტრაგიკული" უწოდა და განაცხადა, რომ ახლადარჩეულ პაპს სურს, წმიდა საყდარმა, ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, მასპინძლის როლი შეასრულოს მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
"ყოველივე ეს ტრაგიკულია, ვინაიდან ჩვენ იმედი გვქონდა, ეს პროცესი, თუნდაც ნელი, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მოიტანდა; ამის მაგივრად, კვლავ დასაწყისს დავუბრუნდით. ვნახოთ, რას მოვიმოქმედებთ, თუმცა რთული სიტუაციაა". - განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა.
"პაპი გეგმავს, რომ ვატიკანი, წმიდა საყდარი, ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის". - დაამატა პაროლინმა.
ლეო XIV-მ, რომელიც კარდინალებმა გასულ კვირაში აირჩეს წმინდა პეტრეს 267-ე მემკვიდრედ, ბოლო დღეების განმავლობაში ცხადი გახადა, რომ მისი პონტიფიკატის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინაში მშვიდობის მიღწევაა. 11 მაისს პაპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და ამავე დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ლოცვაში "ძვირფასი უკრაინელი ხალხის ტანჯვაც" მოიხსენია.
14 მაისს აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან საუბრისას ლეომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს "მთელი გულით" მოუწოდა მოლაპარაკებისკენ.
"წმიდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს პირდაპირ შეხვედრაში... მოდით, შევხვდეთ ერთმანეთს, ვისაუბროთ და მოვილაპარაკოთ. ისტორიას მშვიდობისმყოფელნი ქმნიან". - თქვა რომის უზენაესმა პონტიფექსმა.
ცნობისთვის, სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.





