მოსკოვის მეტროში აქტივისტებმა სტალინის ბარელიეფთან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ყოფილი პრეზიდენტისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ციტატები განათავსეს, რომლებიც სტალინსა და სტალინიზმს აკრიტიკებს.
წარწერიანი ფირფიტების კადრებს ტელეგრამ-არხმი Москвыборы ავრცელებს.
ერთ-ერთ ფირფიტაზე პუტინის ციტატა არის გამოსახული, რომელშიც ის სტალინისტური პერიოდის რეპრესიებსა და დიქტატორის პიროვნების კულტს აკრიტიკებს.
"ყველაფერი დადებითი მიღწეული იყო მიუღებელი ფასის ხარჯზე, შედეგის მიღწევა რეპრესიის გზით მიუღებელია, ეს შეუძლებელია. ამ პერიოდში [სტალინის მმართველობის დროს] იყო არა მხოლოდ პიროვნების კულტი, არამედ მასობრივი დანაშაულები ერის წინააღმდეგ". - წერია პუტინის ციტატის შემცველ
მეორე ფირფიტაზე გამოსახულია მედვედევის ციტატა, რომლის თანახმადაც სტალინი და სხვა პოლიტიკური ლიდერები "უპირობოდ იმსახურებენ უმკაცრეს შეფასებას".
"იმისთვის, რაც მაშინ ხდებოდა, არა მხოლოდ იოსებ სტალინი, არამედ მთელი რიგი სხვა ხელმძღვანელები უპირობოდ იმსახურებენ უმკაცრეს შეფასებას. მათი პასუხისგებაში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა ეს სწორედ ასეა". - წერია მედვედევის ციტატაში.
წარწერების ქვემოთ აქტივისტები მოსკოვის ტრანსპორტის დეპარტამენტს უსვამენ კითხვას, ეთანხმებიან თუ არა პუტინისა და მედვედევის მოსაზრებებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში "ტაგანსკაიას" გაჩერებაზე სტალინის ქანდაკება დააბრუნეს. სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი ბარელიეფი ხელახლა დაამზადეს, ვინაიდან 1966 წელს სადგურიდან აღებული ორიგინალი დაკარგულად ითვლება.