2022 წლის შემდეგ პირველად, სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე კიევისთვის პრიორიტეტული საკითხი ცეცხლის შეწყვეტა იქნება. ამავდროულად, მხარეები განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობასაც.
შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და უმაღლეს დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა.
"ჩვენ დღეს სტამბოლში ჩამოვედით, რათა გამძლე და სამართლიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზები ვიპოვოთ. მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთი კონკრეტული ქმედებების შესასრულებლად იქნება მზად, მათ შორის, სულ მცირე 30 დღით ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და ჰუმანიტარული ზომების მიღებისთვის, როგორებიცაა იძულებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება და ომის პატიმრების გაცვლა "ყველა ყველას სანაცვლოდ" პრინციპის საფუძველზე". - დაწერა უმეროვმა Facebook-ზე.
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.
მოგვიანებით, კრემლმა დაბალი რანგის წარმომადგენლებისგან შემდგარი რუსეთის დელეგაცია დაამტკიცა, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი შედიოდნენ, ხოლო დელეგაციის ხელმძღვანელობა პუტინის თანაშემწეს, ვლადიმირ მედინსკის დაევალა. პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ასევე დაადასტურა, რომ პუტინი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ჩასვლას არ აპირებდა, რის გამოც რუსულ დელეგაციასთან შეხვედრაზე არ დასწრების გადაწყვეტილება ზელენსკიმაც მიიღო.
პარალელურად, დასავლელმა ლიდერებმა პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკეს, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ რუსული მხარის მიერ თურქეთში გამოგზავნილი დელეგაცია "ნამდვილად არ წარმოადგენს ისეთს, რომელიც მნიშვნელოვან პროგრესამდე მიგვიყვანს".
-
ლემიმ პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" პირების გაგზავნისთვის გააკრიტიკა
-
რუბიომ პუტინის მიერ სტამბოლში გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა გააკრიტიკა
ამასთანავე, ანკარაში ჩასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის დელეგაციას "ბუტაფორიული" უწოდა. "შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს." - თქვა მან.
ზელენსკის განცხადებას მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მარია ზახაროვამ უკრაინის ლიდერს "კლოუნი" და "ხელმოცარული" უწოდა, ხოლო სერგეი ლავროვის თქმით, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკი "საცოდავი ადამიანია."
ყოველივე ამის შემდეგ სტამბოლში 15 მაისს დაგეგმილი შეხვედრა დღეისთვის გადაიდო. ზელენსკიმ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სტამბოლში უკრაინული დელეგაციის გაგზავნის გადაწყვეტილება "ტრამპისა და ერდოღანის მიმართ პატივისცემიდან" გამომდინარე მიიღო.
ზელენსკის გადაწყვეტილებით, სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. დელეგაციის წევრებს შორის ასევე იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგიი კისლიცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ოლექსანდრ პოკლადი, სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი და ასევე ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სხვა მაღალჩინოსნები.
ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ თურქეთში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს პირადად არ დაესწრება, თუმცა ამერიკული მხარის "გუნდიდან შესაბამის დონეზე" წარმომადგენელს გაგზავნის.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ 16 მაისს რუსეთ-უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე "დიდ იმედებს არ ამყარებს" და დაამატა, რომ მხოლოდ ტრამპისა და პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად იქნება შესაძლებელი, საბოლოოდ გაირკვეს, თუ "რა სურს რუსულ მხარეს".
ამ განცხადებით რუბიომ გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მანამდე რეპორტიორებთან გაკეთებული კომენტარი, როდესაც მან თქვა, რომ ვლადიმირ პუტინთან მის შეხვედრამდე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში "არაფერი არ მოხდება."