ოკუპირებული ტერიტორიები

DRI: ოკუპირებულ ცხინვალში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა

TACC
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოკუპირებულ ცხინვალში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
 
"ბოლო კვირების განმავლობაში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომხდარმა არაერთმა დანაშაულებრივმა შემთხვევამ სერიოზული კითხვები გააჩინა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან კრიმინალთან გამკლავების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.  
 
ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი 2025 წლის აპრილში მოხდა, როცა შეიარაღებულმა პირებმა საბაჟო კომიტეტის ფაქტობრივ თავმჯდომარეს მის კაბინეტში თავს დაესხნენ და აიძულეს, გარკვეულ კონტრაქტებზე მოეწერა ხელი.
 
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს შესაძლოა კავშირები ჰქონდეთ კრიმინალურ წრეებთან და დე ფაქტო პრეზიდენტის ძმასთან" - წერია DRI-ს განცხადებაში.
 
ორგანიზაციის ცნობით, კრიმინოგენური ვითარების გაუარესების დამადასტურებელ ერთ-ერთ ფაქტად მიაჩნიათ რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) სავარაუდო წერილის გაჟონვა სოციალურ მედიაში.
 
"წერილი, რომელიც თარიღდება 2024 წლის ივლისით, სავარაუდოდ კგბ-ს თავმჯდომარემ ოლეგ შირინმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნა და მასში საუბარია კრიმინალური ჯგუფების წევრებზე, მათ იარაღის ფლობასა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაზე.  
 
 არსებული ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ვერ უზრუნველყოფს რეალურ შედეგებს" - წერს ორგანიზაცია.  

კომენტარები