უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საკუთარი ლიდერობა უნდა გამოიჩინოს და პირადად უნდა შეხვდეს მას. ზელენსკის თქმით, პუტინის ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ ის პატივს არ სცემს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს.
"მე ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა საკუთარი ლიდერობის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს და თუ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაშინ უნდა შემხვდეს ყოველგვარი წინაპირობისა და მსგავსი რაღაცების გარეშე. მოდი, შევხვდეთ. ჩვენ ახლა ანკარაში ვართ. ამის შემდეგ ვგზავნით ჯგუფს სტამბოლში. აქ ის არ არის, არც სტამბოლში არაა. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ეს ადამიანი ვეძებოთ." - თქვა ზელენსკიმ პუტინზე.
უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ მისი აზრით, აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტები ახლა უპატივცემულობას გრძნობენ.
"მე ვთვლი, რომ ახლა აშშ და თურქეთი უპატივცემულობას გრძნობენ. არც შეხვედრის დრო, არც შეხვედრის დღის წესრიგი, არც დელეგაციის მაღალი დონე - ეს პირადი უპატივცემულობაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსები ჩვენ პატივს არ გვცემენ, ეს ისედაც მესმის, თუმცა ეს გრძნობა სარკისებურია... უპატივცემულობა აქვთ ერდოღანის მიმართ, ტრამპის მიმართ. ტრამპი გზავნის ადამიანთა დიდ ჯგუფს, სახელმწიფო მდივან რუბიოს. იქნება სახელმწიფო მდივანი რუბიო, იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იქნება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაა შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან? ეს უპატივცემულობაა არამხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას მიმართ, პირველ რიგში თურქეთის მიმართ, რადგან შეხვედრა აქ იმართება." - თქვა ზელენსკიმ.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სტამბოლში უკრაინული დელეგაციის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებებს ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწრება, რადგან სტამბოლში პუტინი არ ჩასულა. შეხვედრას არ დაესწრებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გენშტაბის მეთაურებიც.
თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები 15 მაისის დილას უნდა დაწყებულიყო, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო და ის დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
გასულ დღეს კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი. თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკეს.
ხოლო ანკარაში ჩასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის დელეგაციას "ბუტაფორიული" უწოდა. "შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს." - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მარია ზახაროვამ ზელენსკის "კლოუნი" და "ხელმოცარული" უწოდა, ხოლო სერგეი ლავროვის თქმით, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკი "საცოდავი ადამიანია."
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.