უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე რუსეთის მხრიდან გაგზავნილი დელეგაცია ცხადჰყოფს, რომ მოსკოვი დიალოგს არასერიოზულად უყურებს. დელეგაციაში არ არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
"რუსული დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, პრეზიდენტი ტრამპის, თურქეთის მაღალი რანგის დელეგაციისა და პრეზიდენტი ერდოღანის პატივისცემის გამო და სურვილით, დეესკალაციის პირველ ნაბიჯებს მაინც მივაღწიოთ და ომი დავასრულოთ, მე გადავწყვიტე სტამბოლში ჩვენი დელეგაცია გამეგზავნა, მაგრამ არა ყველა." - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დააზუსტა, რომ დელეგაციაში მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური ვასილი მალიუკი და გენშტაბის მეთაური, ანდრიი გნატოვი.
"თუმცა დელეგაციას გაუძღვება უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსეთის მხრიდან ამავე რანგის წარმომადგენელი არ იქნება." - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შეხვედრა უნდა გაიმართოს თურქეთის, ამერიკის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების დასწრების ფორმატში და ასევე თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა იცის ოთხივე ენა: უკრაინული, რუსული, ინგლისური და თურქული.
თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები 15 მაისის დილას უნდა დაწყებულიყო, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო და ის დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
გასულ დღეს კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი. თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკეს.
ხოლო ანკარაში ჩასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის დელეგაციას "ბუტაფორიული" უწოდა. "შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს." - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მარია ზახაროვამ ზელენსკის "კლოუნი" და "ხელმოცარული" უწოდა, ხოლო სერგეი ლავროვის თქმით, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკი "საცოდავი ადამიანია."
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.