აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან მის შეხვედრამდე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში "არაფერი არ მოხდება."
"ჩემსა და პუტინს შორის შეხვედრამდე არაფერი არ მოხდება და ცხადია, რომ ის არ ჩავიდოდა. აპირებდა, მაგრამ ეგონა, რომ მეც ჩავიდოდი. ის არ ჩავიდოდა იქ, მე თუ არ ვიქნებოდი. მოგწონთ თუ არა ეს, არ მგონია, რომ რამე მოხდება, სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით." - თქვა ტრამპმა.
თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები 15 მაისის დილას უნდა დაწყებულიყო, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო და ის დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
გასულ დღეს კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი. თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკეს.
ხოლო ანკარაში ჩასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის დელეგაციას "ბუტაფორიული" უწოდა. "შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს." - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მარია ზახაროვამ ზელენსკის "კლოუნი" და "ხელმოცარული" უწოდა, ხოლო სერგეი ლავროვის თქმით, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკი "საცოდავი ადამიანია."
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.





