პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 დეკემბერს, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დედა ადგილზე გარდაიცვალა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს, განსაკუთრებული სისასტიკით ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად უმწეო მდგომარეობაში მყოფი დედა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შვილი დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა" - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ე, ლ და მ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.