უკრაინული Atesh-ის პარტიზანულმა დაჯგუფებამ 15 მაისს განაცხადა, რომ მათმა წევრებმა ცეცხლი წაუკიდეს გადამცემ ყუთს რუსულ სარკინიგზო ხაზზე, რომელსაც რუსეთის არმია ფრონტის ხაზის მომარაგებისთვის იყენებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერაცია, სავარაუდოდ, რუსეთის სმოლენსკის ოლქში მოხდა და მისი მიზანი უკრაინის ჩრდილოეთის საზღვართან განლაგებული რუსული ძალებისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება იყო.
მანამდე, უკრაინულ მხარეს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუმისა და ხარკოვის ოლქების სიახლოვეს, სამხედრო ძალებს უყრის თავს.
"მადლობა ჩვენს პარტიზანებს მამაცური ნაბიჯისთვის, რუსეთს სერიოზული შეფერხებები შეექმნა ფრონტის ხაზზე მარაგების დროულად მიწოდების მხრივ." - დაწერა Atesh-ის ჯგუფმა Telegram-ზე.
პარტიზანული ჯგუფის მიერ გავრცელებულ ვიდეოში უცნობი პირი, რომელიც ვიდეოს იღებს, ღამით ცეცხლს უკიდებს გადამცემ ყუთს. Atesh-ის მიხედვით, სამიზნე აღჭურვილობა რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ახლოს მდებარეობდა, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 270 კილომეტრის დაშორებით.
გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, Atesh-ის პარტიზანული დაჯგუფება რეგულარულად აწყობს საბოტაჟურ თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.