უნგრეთი

ორბანის Fidesz-მა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შემზღუდველი კანონპროექტი წარადგინა

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესმა პარლამენტს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდველი კანონპროექტი წარუდგინა.

კანონპროექტი 13 მაისს წარადგინეს და ის საშუალებას მისცემს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ სამსახურს (SPO), შექმნას იმ უცხოური დაფინანსების მქონე იურიდიული პირების სია, რომელთა საქმიანობაც უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თუ SPO-ს მიჩნევს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა "ძირს უთხრის უნგრეთის დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ბუნებას" ან არღვევს უნგრეთის კონსტიტუციურ იდენტობას ან ქრისტიანულ კულტურას, ის ამ სიაში მოხვდება.

კანონპროექტის მიხედვით, საფრთხედ ჩაითვლება ოჯახის, ქორწინებისა და ბიოლოგიური სქესის პრინციპებთან წინააღმდეგობაც.

სიაში შესული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები მონიტორინგს დაექვემდებარება და შესაძლებელი იქნება უცხოეთიდან მიღებული ფულადი რესურსების დაბლოკვა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას საშუალება ექნება, შეამოწმოს ორგანიზაციების ოფისები, დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები.

უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები იძულებულები იქნებიან უცხოეთიდან მიღებულ თანხაზე 25-ჯერ მეტი ოდენობის ჯარიმა გადაიხადონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებენ 15 დღის ვადაში საქმიანობა უნდა შეწყვიტონ.

სუვერენიტეტის დაცვის ოფისი უნგრეთის მთავრობის მიერ 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანი უცხოური ჩარევის მონიტორინგი იყო.

მანამდე, ორბანის თქმით, იგი საქნციების შემოღებას აპირებდა იმ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ, რაც მნიშვნელოვანი ესკალაციაა მის გრძელვადიან კამპანიაში, რომ არჩევნებამდე ქვეყანაში კრიტიკული ხმები ჩაახშოს.

"ჩვენ გვჭირდება, რომ ისინი გავყაროთ და წერტილი დავუსვათ ამას". - თქვა ორბანმა იმ ჯგუფებზე საუბრისას, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ: "როდის, თუ არა ახლა, როდესაც ამის გაკეთება ამერიკელებმაც დაიწყეს". - დაამატა მან.

კომენტარები