აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 მაისს თქვა, რომ დარწმუნებული არ არის, დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი 15 მაისს თურქეთში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს.
"მას [პუტინს] ენდომება, რომ იქ [მოლაპარაკებებზე] ვიყო და ეს შესაძლებელია... არ ვიცი, ჩავა თუ არა ის იქ თუ მეც არ ვიქნები. ამას გავიგებთ". - უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე, როდესაც ის კატარისკენ მიემგზავრებოდა.
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.
გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპი სტამბოლში პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და კით კელოგს, გაგზავნის. ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება.
თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნის, თუმცა პროცესში პუტინის მონაწილეობა კრემლში არ დაუდასტურებიათ. გამოცემა Washington Post-თან საუბრისას ყოფილმა რუსმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მოსკოვი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვსა და საერთაშორისო ურთიერთობები საკითხებში პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს გაგზავნის.