უკრაინაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, აშშ "სერიოზული" სანქციების მეშვეობით რუსეთზე წნეხს გაზრდის:
"ჩემი აზრით, ეს [სანქციები] მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. გუშინ ვესაუბრე სენატორ ლინდსი გრემს. აშშ-ს 2025 წლის რუსეთის სანქციების აქტი მზად აქვს და 77-ზე მეტი სენატორი უჭერს მხარს და ეს მნიშვნელოვანი სანქციები შეიძლება იყოს.
საუბარია პირველ რიგში მათ [რუსეთის] ცენტრალურ ბანკზე ან ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" დასანქცირებაზე, რომელსაც მათი [რუსეთის] უკანონო ნავთობის უდიდესი ნაწილი გადააქვს. ამის 70% ბალტიის გავლით გამოდის და შესაძლებელია ჩრდილოვანი ფლოტის ადევნება და ეკონომიკური კუთხით თავდასხმა, და პრეზიდენტი პუტინი უკვე გავაფრთხილეთ ამის შესახებ. ეს ძალიან სერიოზულია. ეს სანქციებია ძალიან სერიოზული. იმაზე მკაცრია, ვიდრე ოდესმე გვინახავს და ევროპელებიც ასე ფიქრობენ." - თქვა კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში.
ინტერვიუში კელოგმა ასევე განმარტა, თუ რა შესაძლო ეტაპებს განიხილავს აშშ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. მისი თქმით, პირველ რიგში მხარეებს შორის ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა იყოს მიღწეული, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ტერიტორიული საკითხის განხილვა და უკრაინაში ევროპული ძალების გაგზავნაზე მსჯელობა.





