გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტამბოლში პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და კით კელოგს, გზავნის, რათა უკრაინაში რუსეთის ომის დამთავრებაზე შეხვედრები გამართონ. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, 11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. პუტინის ინიციატივის საპასუხოდ კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც იქნება. თუმცა, 14-16 მაისს რუბიო თურქეთში გაემგზავრება, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრაზე დასასწრებად.
თავის მხრივ, ტრამპმა თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ჩასვლის მზადყოფნა 12 მაისსაც გამოთქვა. ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, "ხუთშაბათის შეხვედრამ თურქეთში, რუსეთსა და უკრაინას შორის, შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს".





