რატის ბარი

რატის ბარში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

რატის ბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 2 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ერთ პირს ბრალი განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, ქ. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე რატის ბარში, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა - აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მკვლელობა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე რატის ბარში 11 მაისს მოხდა. შსს-მ 2 პირი იმავე დღეს დააკავა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ვ ქვეპუნქტით - განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე ბრალდებულს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით - დანაშაულის შეუტყობინებლობა, წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები