აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 12 მაისს რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და მათთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების საკითხები განიხილა.
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს, გერმანიის საგარეო მინისტრს იოჰან ვადეფულს, პოლონეთის საგარეო მინისტრს რადოსლავ შიკორსკის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრიი სიბიგას, და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს. ლიდერებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის გზისკენ მომდევნო ნაბიჯებზე იმსჯელეს". - წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. პუტინის ინიციატივის საპასუხოდ კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.





