ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა თქვა, რომ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა, რომ ისინი პირისპირ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხრივ პროგრესი აჩვენონ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ შუამავლობას შეწყვეტს.
ამის შესახებ უიტკოფმა გამოცემა Breitbart-ისთვის 8 მაისს მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ილაპარაკა.
"ფიზიკურად ოთახში უნდა მოვახვედროთ [რუსეთი და უკრაინა]. მე შევთავაზე, რომ იმდენ დროს დავუთმობ, რამდენიც სურთ და ამას ვუშუამავლებ. ჩვენ ორ მხარეს შორის პირისპირ მოლაპარაკებების მალევე ჩატარებას ვუჭერთ მხარს. [...] პრეზიდენტმა ორივე მხარეს ულტიმატუმად წაუყენა, რომ ამ პირისპირ მოლაპარაკებების გარეშე და თუ ეს მალე არ მოხდება, ფიქრობს, რომ აშშ ამ კონფლიქტს უნდა ჩამოცილდეს და უბრალოდ არ უნდა იყოს ჩართული". - თქვა უიტკოფმა.
უიტკფომა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები "ერთ ოთახში" უნდა ერთმანეთს შეახვედრონ და მათ შორის პირისპირ მოლაპარაკებებს უნდა უშუამავლონ.
"ასე რომ, მგონია, რომ ყველანი ოთახში უნდა შევახვედროთ. გადაჭრის გზები მუშაობს, როდესაც პირისპირ მოლაპარაკებები გვაქვს. რუსები და უკრაინელები ერთ მაგიდასთან უნდა მოვახვედროთ. ეს სასტიკი ომია, მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. ეს უნდა შევცვალოთ". - თქვა უიტკფოამ.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ომი მათ არ დაუწყიათ, მაგრამ დასრულებაში დახმარება სურთ, რაც ცეცხლის შეწყვეტით მოხდება.
"ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ გვსურს, რომ მის დასრულებაში დავეხმაროთ. ეს ხდება ცეცხლის შეწყვეტით, ყველა წყვეტს ძალადობას და გარკვეულ დროს ვატარებთ ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ აქ მსხვილ პრობლემებთან გამკლავება შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია". - თქვა უიტკოფმა.
გარდა ამისა, უიტკოფმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამშვიდობო მოლაპარაკებების თვალსაზრისით რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვაო გზებზე უკრაინის წვდომის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების საკითხები უნდა დაზუსტდეს.
Breitbert-თან უიტკოფის ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ პუტინმა კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.
"ხვალიდან ჩვენ სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით, რათა დიპლომატიისთვის საჭირო საფუძველი შეიქმნას. მკვლელობების გახანგრძლივებას აზრი არ აქვს და მე ხუთშაბათს პუტინს პირადად დაველოდები თურქეთში. იმედია, რუსები ამჯერადაც არ დაიწყებენ გამამართლებელი მიზეზების ძიებას" - ასე ზელენსკიმ უპასუხა პუტინის წინადადებას 11 მაისს.
12 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რასაც ზელენსკი დადებითად გამოეხმაურა.
10 მაისს უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და პოლონეთმა რუსეთისადმი წაყენებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერები 10 მაისს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეხვედრა გამართეს.
კიევში გამართულ შეხვედრაში ჩაერთო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ლიდერებმა მასთან ინიციატივის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.





