რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ბარო: წევრების თხოვნის შემდეგ, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს ამზადებს

12 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა ევროკომისიას მოსთხოვეს, მოამზადოს ახალი, "მასშტაბური" სანქციები, რომლებიც მიზანში რუსეთის ნავთობისა და ფინანსურ სექტორებს იღებს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებოდა.

ევროკავშირი უკვე მუშაობს სანქციების მე-17 პაკეტზე, რომლის მიღებაც 20 მაისს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე იგეგმება. თუმცა, ნორმანდიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ბარომ თქვა, რომ ამ პაკეტს მიღმა კიდევ უფრო მკაცრ ზომებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

"რაც ახლა მზადდება, არის დამატებითი სანქციები, რომლებიც ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებს შეეხება. შაბათ-კვირას "ჩვენ მოვთხოვეთ ევროკომისიას ახალი, უფრო ძლიერი სანქციები მოამზადოს, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მშვიდობის ლოგიკაზე გადასვლა ვაიძულოთ" - თქვა ბარომ ევროპელ კოლეგებთან და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები შაბათს უკრაინაში იმყოფებოდნენ და სხვა ლიდერებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრნენ.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს შორის კონტაქტის იდეას. პუტინმა შემოიტანა პირდაპირი შეხვედრის წინადადება და ზელენსკი დათანხმდა, ასე რომ, პუტინმა თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს და ჩავიდეს სტამბოლში ხუთშაბათს" - თქვა ბარომ.

მისი თქმით, სერიოზული მოლაპარაკებებისათვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, რადგან მოლაპარაკება საჰაერო დარტყმებისა და დრონების იერიშების ფონზე შეუძლებელია.

"თუ ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ჩვენ ვამზადებთ ძლიერ და მასშტაბურ სანქციებს" - განაცხადა ბარომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოტენციური ევროპული სანქციები კოორდინირებული იქნება აშშ-ს სენატორების მიერ შემუშავებულ სანქციების კანონპროექტთან, რომელიც მოითხოვს 500%-იანი ტარიფის დაწესებას იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის ნავთობს ყიდულობენ.


მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.

"ხვალიდან ჩვენ სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით, რათა დიპლომატიისთვის საჭირო საფუძველი შეიქმნას. მკვლელობების გახანგრძლივებას აზრი არ აქვს და მე ხუთშაბათს პუტინს პირადად დაველოდები თურქეთში. იმედია, რუსები ამჯერადაც არ დაიწყებენ გამამართლებელი მიზეზების ძიებას" - ასე ზელენსკიმ უპასუხა პუტინის წინადადებას 11 მაისს

12 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

"არ ვიცი ზუსტად სად ვიქნები იმ კონკრეტულ დროს. სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ ჩავფრინდებოდი იქ, თუ ჩავთვლიდი, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში

10 მაისს უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და პოლონეთმა რუსეთისადმი წაყენებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერები 10 მაისს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეხვედრა გამართეს. 

კიევში გამართულ შეხვედრაში ჩაერთო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ლიდერებმა მასთან ინიციატივის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. 

 

კომენტარები