ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ტყვეობიდან ისრაელელ-ამერიკელი მძევალი, ედან ალექსანდერი გაათავისუფლა, რომელიც ღაზის სექტორში ტყვეობაში 584 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
IDF-ის ცნობით ედანი წითელმა ჯვარმა ისრაელის სამხედროებს ღაზის სექტორის ტერიტორიაზე გადასცა და ის უკვე ისრაელის ტერიტორიაზეა.
ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ კვირას, 11 მაისს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევის ფარგლებში, ტყვეობიდან ისრაელელ-ამერიკელ მძევალს, ედან ალექსანდერს გაათავისუფლებენ.
წყაროების თქმით, ალექსანდერის გათავისუფლება ჰამასის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ჟესტად მიიჩნევა იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს იწყებს.
ამასთანავე, წყაროებმა თქვეს, რომ ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ალექსანდერის მშობლებს ესაუბრა და მათ ჰამასის ნაბიჯის შესახებ აცნობა. უიტკოფი ისრაელში 12 მაისს ჩავა.
ცნობისთვის, ალექსანდერი ერთადერთი ცოცხალი ამერიკის მოქალაქეა 59 მძევალს შორის, რომელიც კვლავ ჰამასის ტყვეობაში იმყოფება. მძევლებს შორის მხოლოდ 24 მათგანია ჯერ კიდევ ცოცხალი.
Reuters-ის ცნობით, ღაზაში ჰამასის მეთაურმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ ალექსანდერის გამოშვებაში მონაწილეობას ერთობლივად კატარი, ეგვიპტე და თურქეთი იღებდნენ.
მანამდე, Reuters წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეშვების თაობაზე აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციასა და ჰამასს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.