უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში მიიწვია.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მადლობა გადაუხადა პაპს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
"მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ.
ვისაუბრეთ რუსეთის მიერ დეპორტირებულ ათასობით უკრაინელ ბავშვზე. უკრაინას ვატიკანის დახმარების იმედი აქვს მათი სამშობლოში, ოჯახებში დაბრუნების საკითხში.
ვაცნობეთ უკრაინასა და ჩვენს პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომ სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დღესვე უნდა დაიწყოს მინიმუმ 30 დღით და ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რასაც არაერთხელ გავუსვით ხაზი. უკრაინას სურს ამ ომის დასრულება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ჩვენ რუსეთისგან შესაბამის ნაბიჯებს ველით. მოვიწვიეთ მისი უწმინდესობა სამოციქულო ვიზიტით უკრაინაში. ასეთი ვიზიტი რეალურ იმედს მოუტანს ყველა მორწმუნეს, ჩვენს ხალხს. შევთანხმდით, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ და უახლოეს მომავალში პირად შეხვედრას დავგეგმავთ" – წერს ზელენსკი.
პაპმა ლეო XIV-მ 11 მაისს საკუთარ პირველ საკვირაო მიმართვაში მსოფლიო ლიდერებს მშვიდობისკენ მოუწოდა და უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"გულით ვატარებ ძვირფასი უკრაინელი ხალხის ტკივილს. დაე, ყველაფერი გაკეთდეს, რაც შესაძლებელია, რათა რაც შეიძლება მალე მიღწეულ იქნას ნამდვილი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. გათავისუფლდეს ყველა ტყვე, ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს". - თქვა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, ახლადარჩეული პაპი 2022 წელს ერთ-ერთ პერუულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინაში იმპერიალისტურად შეიჭრა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები ჩაიდინა.
იმ დროს პერუში მოღვაწე, ჩიკლაიოს ეპისკოპოსმა რობერტ ფრენსის პრევოსტმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უკრაინის "სტრატეგიული მდებარეობის, მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულებისა და რუსეთისთვის წარმოების" შესაძლებლობების გამო დაიწყო.
პაპი ამბობდა, რომ ომთან მიმართებით ადამიანებს ცხადი პოზიცია უნდა ჰქონოდათ და ეღიარებინათ ის ფაქტი, რომ რუსეთი უკრაინაში ბოროტებას სჩადიოდა.
"რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მთელ მსოფლიოზე აქვს გავლენა. ამ კონფლიქტის, ამ ომის მრავალი ანალიზი არსებობს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. თუმცა, ჩემი ხედვათ, საქმე გვაქვს ნამდვილ, იმპერიალისტური შეჭრასთან, რითაც რუსეთს სურს ძალაუფლებისა და უპირატესობის მოპოვება - უკრაინის სტრატეგიული მდებარეობის, მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ღირებულებისა და რუსეთისთვის წარმოების [შესაძლებლობების] გამო.
ეს უკვე დამტკიცდა, რომ უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს სჩადიან. ჩვენ ღმერთს მშვიდობას უნდა შევთხოვდეთ, თუმცა ვფიქრობ, უფრო მკაფიოები უნდა ვიყოთ. ჩვენს ქვეყანაშიც კი, ზოგიერთ პოლიტიკოსს არც სურს, აღიაროს ამ ომის საშინელებები და ის ბოროტება, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, ყველა ქმედებით". - ამბობდა იმ დროს პერუში მოღვაწე ამერიკელი მისიონერი რობერტ პრევოსტი ინტერვიუში.





