რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კიმ ჩენ ინი: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩვენი მონაწილეობა სამართლიანი იყო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია იუწყება.

"ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ის შეესაბამება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს.

ყველა მამაც ჯარისკაცს, რომელმაც კურსკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ". - თქვა კიმ ჩენ ინმა KCNA-ს თქმით.

კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ ფხენიანი არ მოერიდება სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს "სამხედრო პროვოკაციებს" რუსეთის მიმართ.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ. 

30 აპრილს სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ რუსეთის მხარეს უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში 600 ჩრდილოკორეელი სამხედროა მოკლული, ხოლო დაღუპულების ჩათვლით, ჯამში 4700 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაშავდა.

ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 000-12 000 სამხედრო გაგზავნა, თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა - მარტში სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ წლის დასაწყისში ფხენიანმა რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა. 

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ასევე გაგზავნა დაახლოებით 15 000 პირი, რომლებიც რუსეთში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინდუსტრიული თანამშრომლობის პროგრამების საფუძველზე დასაქმდებიან. 

კომენტარები