უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე მუშაობს და ყველანი "ერთ აზრს იზიარებენ". ზელენსკის თქმით, ყველა მხარე თანხმდება, რომ ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა.
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკიმ დაამატა, რომ თუკი რუსეთი ომის გაჭიანურებას განაგრძობს, მასზე სანქციების გამკაცრება არის საჭირო, ხოლო აშშ-მ და ევროპამ იციან, რა დააზიანებს რუსეთს ყველაზე მეტად.
"დღეს მონაწილეობა მივიღე სამუშაოში ჩვენს მეგობრებთან ერთად, ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც მონაწილეობენ ერთობლივი საექსპედიციო ძალების ფორმატში - გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და უკრაინა ერთად.
ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე ვმუშაობთ - ისეთზე, რომელიც მყარი და გრძელვადიანია, სულ მცირე, 30-დღიანი. უკრაინა მზად არის.
გუშინ პრეზიდენტ ტრამპს ველაპარაკე. ჩვენი ევროპელი მეგობრები მას ასევე ელაპარაკნენ. ყველანი ერთ აზრს ვიზიარებთ: სრული ცეცხლის შეწყვეტა არის საჭირო. თუკი რუსეთი ომის გაჭიანურებას განაგრძობს, უფრო მკაცრი სანქციები დაგვჭირდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ცეცხლის შეწყვეტას დაარღვევენ მაშინ, როდესაც ის ამოქმედდება. აშშ-მ და ევროპამ იციან, რა სტკენს ყველაზე მეტად რუსეთს, რა იქნება ნამდვილი ზეწოლა მოსკოვზე, რათა მათ მშვიდობა განიხილონ და ეს ომი შეწყვიტონ. მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, რადგან ეს არის რეალური მშვიდობის დაწყების ერთადერთი გზა.
ვაერთიანებთ რაც შეიძლება მეტ ქვეყანას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს ზეწოლა, ზეწოლა მშვიდობისთვის, ეფექტიანია". - წერს ზელენსკი.
მანამდე, გამოცემა Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ და ევროპული ქვეყნები რუსეთსა და უკრაინას შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე მუშაობას ასრულებენ. რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევაში კი, წყაროს თანახმად, მის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ.
გამოცემის წყარომ ასევე აღნიშნა, რომ წინადადების ვერსია ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის და ამ 10 მაისს ე.წ. მსურველთა კოალიციის სამიტზე დამუშავდება, რომელიც უკრაინაში ჩატარდება.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი 10 მაისის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მაკრონის ცნობით, შეხვედრა შერეული სახით ჩატარდება და ლიდერების ნაწილი ონლაინ ფორმატით მიიღებს მონაწილეობას
მანამდე, 1 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო ვაშინგტონში აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, მარკო რუბიოსა და კონგრესმენებს შეხვდა.
შეხვედრებზე რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნების გზები, მათ შორის დამატებითი სანქციები, და ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობის საკითხი იყო განხილული. ამის შესახებ Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი იუწყებოდა.





