რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: აშშ და ევროპა რუსეთ-უკრაინის 30-დღიანი ზავის წინადადებაზე მუშაობას ასრულებენ

Getty Images

გამოცემა Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ და ევროპული ქვეყნები რუსეთსა და უკრაინას შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე მუშაობას ასრულებენ. რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევაში კი, წყაროს თანახმად, მის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ.

Reuters ამის შესახებ ფრანგ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

"საბოლოო პროექტი სრულად არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გადაკვეთის წერტილში ვართ. [...] მომდევნო საათებსა და დღეებში შესაძლოა 30-დღიანი ან განაწილებული ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდეს, რაც კვლავ განიხილება". - თქვა წყარომ გამოცემასთან საუბრისას. 

გამოცემის წყაროს თანახმად, მხარეები განიხილავენ, ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივად გამოაცხადონ თუ მის გამოცხადებამდე მოსკოვის ფორმალურ პასუხს დაუცადონ. თუმცა, წყაროს თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი რუსეთი ცეცხლს გახსნის, მის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ.

"ვუახლოვდებით წერტილს, როდესაც ერთობლივ წინადადებაზე მოსკოვის ფორმალურ პასუხს აღარ დავუცდით ამ ცეცხლის შეწყვეტის გამოსაცხადებლად". - თქვა წყარომ Reuters-თან საუბრისას. 

გამოცემის წყარომ თქვა, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები ბოლო კვირიდან უფრო პროდუქტიული გახდა. მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გუშინ, 8 მაისს ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად ტელეფონით ილაპარაკეს.

"ამერიკელებთან დისკუსიებში გარკვეული გაღიზიანება ვიგრძენით რუსული პოზიციის, აქამდე გაკეთებული შეთავაზებებისთვის მის მიერ გაცემულ პასუხებში რეაგირებისა და სერიოზულობის ნაკლებობის მიმართ/ [...] გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია". - თქვა წყარომ. 

გამოცემის წყარომ ასევე აღნიშნა, რომ წინადადების ვერსია ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის და ამ 10 მაისს ე.წ. მსურველთა კოალიციის სამიტზე დამუშავდება, რომელიც უკრაინაში ჩატარდება.  

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი 10 მაისის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მაკრონის ცნობით, შეხვედრა შერეული სახით ჩატარდება და ლიდერების ნაწილი ონლაინ ფორმატით მიიღებს მონაწილეობას

მანამდე, 1 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო ვაშინგტონში აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, მარკო რუბიოსა და კონგრესმენებს შეხვდა.

შეხვედრებზე რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნების გზები, მათ შორის დამატებითი სანქციები, და ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობის საკითხი იყო განხილული. ამის შესახებ Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი იუწყებოდა.

კომენტარები