პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთსა და საფრანგეთს შორის ახალ თავდაცვის შეთანხმებაში შეტანილია პუნქტი, რომელიც მესამე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს.
პოლონეთსა და საფრანგეთს შორის ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა 9 მაისს ქალაქ ნანსიში იგეგმება.
"არ დავმალავ, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები. შეთანხმებაში არსებული ეს დათქმა, რომელიც ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ორმხრივ მხარდაჭერას ითვალისწინებს, პოლონეთის ინტერესების თვალსაზრისით ამ შეთანხმების მთავარ პუნქტს წარმოადგენს". - აღნიშნა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთს მსგავსი ტიპის გარანტიები აქამდე მხოლოდ გერმანიისთვის ჰქონდა მიცემული.
"ჩვენ უნდა ავიყვანოთ ფრანგულ-პოლონური ურთიერთობები იმავე დონეზე, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ევროკავშირში, იტალიასთან, ესპანეთთან და გერმანიასთან". - აღნიშნა პოლონეთში საფრანგეთის ელჩმა, ეტიენ დე პონსინმა.
მანამდე გამოცემა Bloomberg-თან პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა, რომ პოლონეთმა საფრანგეთის ბირთვულ ფარზე წვდომის მოპოვება უნდა სცადოს. მანვე აღნიშნა, რომ ეს აშშ-ს ბირთვულ იარაღებზე წვდომასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
"მჯერა, რომ ორივე გამოსავლის მიღება შეგვიძლია. ეს ორი აზრი არც საპირისპირო და არც ურთიერთგამომრიცხავია". - თქვა დუდამ Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მარტში პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთს ბირთვულ იარაღზე წვდომის მოპოვება სურს და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ფრანგული ბირთვული შეკავების გაფართოებას სერიოზულად განიხილავს.





