პოლონეთი-საფრანგეთი

მორავიეცკი მაკრონს: ევროპის მომავალი ჩვენს ხელშია, გილოცავთ გამარჯვებას

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაკრონმა მორავიეცკი მარინ ლე პენის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და "ულტრამემარჯვენე ანტისემიტი" უწოდა. ამის გამო, პოლონეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთის ელჩი სამინისტროში დაიბარა.

"ყოველი არჩევნები დემოკრატიის დღესასწაულია. თუნდაც ყველაზე მწვავე კამპანიის შემდეგ შრომატევადი მუშაობის დრო ბრუნდება. პოლონეთს და საფრანგეთს ბევრი საერთო გამოწვევა და ინტერესი აქვს და დროა, მათზე ერთად ვიმუშაოთ. ევროპის მომავალი ჩვენს ხელშია. გილოცავთ" - მიმართა მორავიეცკიმ მაკრონს Twitter-ზე.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 4 აპრილს ჰკითხა - რას მიაღწია პუტინთან მოლაპარაკებით.

"რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? ჩვენ არ ვმსჯელობთ, არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კრიმინალებთან. დამნაშავეებს უნდა ებრძოლო. ჰიტლერთან მოლაპარაკება არავის დაუწყია. ჰიტლერს, სტალინსა და პოლ პოტს მოლაპარაკებას დაუწყებდით?" - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მატეუშ მორავიეცკის ნათქვამს "უსაფუძვლო და სკანდალური" უწოდა. მან თქვა, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრი საფრანგეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 58.55%-ით გაიმარჯვა. მისმა ულტრამემარჯვენე კონკურენტმა მარინ ლე პენმა ხმების 41.45% მიიღო.

ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.

კომენტარები