პაპი ლეო XIV

მშვიდობა თქვენდა – ახალი პაპის პირველი სიტყვა

პაპი ლეო XIV

8 მაისის საღამოს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა.

133-მა ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაეს პონტიფექსად ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი აირჩია.

სახელად მან ლეო XIV აიღო. ლეო XIV პირველი ამერიკელი პაპია. 

არჩევიდან დაახლოებით ერთ საათში ახლადარჩეულმა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა. 

გთავაზობთ ახალი პაპის, ლეო მეთოთხმეტის პირველ სიტყვას სრულად:

"მშვიდობა თქვენდა!" 

უძვირფასესო ძმებო და დებო, ეს იყო პირველი მისალმება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი, კეთილი მწყემსისა, რომელმაც ღვთის სამწყსოს საკუთარი სიცოცხლე შესწირა. მეც ვისურვებდი, რომ ამ მისალმებამ მიაღწიოს თქვენს გულებამდე, თქვენს ოჯახებამდე და ყოველ ადამიანამდე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის. ყოველ ერსა და სრულიად დედამიწას: მშვიდობა თქვენდა. 

ეს არის მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს მშვიდობა, განმაიარაღებელი, თავმდაბალი და განგრძობადი მშვიდობა. ის ღვთისგან მოდის; ღვთისგან, რომელსაც ყოველი ჩვენგანი უსაზღვროდ და უპირობოდ უყვარს. მოდით, ვუსმინოთ სუსტ, თუმცა ყოველთვის მამაც ხმას პაპი ფრანცისკესა, რომელმაც აკურთხა რომი – პაპისა, რომელმაც რომი და მთელი მსოფლიო აკურთხა აღდგომის დილით. 

ნება მომეცით, გავაგრძელო ეს კურთხევა. ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ, ყოველი ჩვენგანი, ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. ყველანი ღვთის ხელში ვართ. უშიშრად, ერთად, ხელიხელჩაკიდებულები ღმერთთან და ერთმანეთთან, ჩვენ წინ წავალთ. ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ, ქრისტე წინ მიგვიძღვის და სამყაროს მისი ნათელი სჭირდება. კაცობრიობას სჭირდება ის, როგორც ხიდი ღმერთთან და მის სიყვარულთან მისაღწევად. თქვენ გვეხმარებით, ავაშენოთ ხიდები დიალოგისა და შეხვედრის გზით, რათა ერთი ხალხი ვიყოთ, ყოველთვის მშვიდობიანად. 

მადლობას გიხდით, პაპო ფრანცისკე!

მადლობა ჩემს ძმებს – კარდინალებს, რომლებმაც პეტრეს მემკვიდრედ ამირჩიეთ, რათა თქვენთან ერთად ვიარო, როგორც ერთიანმა ეკლესიამ მშვიდობისა და სამართლიანობის ძიებაში; ვიმუშავოთ ერთად, ქალებმა და კაცებმა, მორწმუნეებმა იესო ქრისტესი, ვადიდებდეთ ქრისტეს, ვიყოთ მისიონერები, ვქადაგებდეთ სახარებას. 

მე ვარ წმინდა ავგუსტინეს შვილი, ავგუსტინელი. მან თქვა: "თქვენთან ერთად მე ვარ ქრისტიანი, თქვენთვის – ეპისკოპოსი". ამიტომ, დაე, ყველამ ერთად ვიაროთ იმ სამშობლოსკენ, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის შექმნა. 

განსაკუთრებით მივესალმები რომის ეკლესიას:

ჩვენ ერთად უნდა ვესწრაფვოდეთ, ვიყოთ მისიონერული ეკლესია, ავაშენოთ ხიდები, დიალოგი და ვიყოთ მზად, ხელგაშლილებმა მივიღოთ ყველა, როგორც ამ მოედანმა, რომელიც ყველასთვის ღიაა; ყველა, ვისაც ჩვენი შემწეობა, ჩვენი ყოფნა, დიალოგი და სიყვარული სჭირდება. 

[ესპანურად]

მივესალმები ყველას და განსაკუთრებით ჩემი ჩიკლაიოს ეპარქიას პერუში; ერთგულ, მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ეპისკოპოსთან არიან და ეხმარებიან მას. 

[კვლავ იტალიურად] 

დებო და ძმებო რომიდან, იტალიიდან და მთელი მსოფლიოდან: გვსურს, ვიყოთ სინოდალური ეკლესია, ვიაროთ და მუდამ ვეძიოთ მშვიდობა, ქველმოქმედება და სიახლოვე განსაკუთრებით მათთან, ვინც იტანჯება. 

დღეს არის პომპეის ღვთისმშობლისადმი ვედრების დღე.

ჩვენს კურთხეულ დედა მარიამს ყოველთვის სურს ჩვეთან ერთად სიარული, ჩვენს სიახლოვეს ყოფნა და დახმარება თავისი მეოხებითა და სიყვარულით. მოდით, ერთად ვილოცოთ ამ მისიისთვის, სრულიად ეკლესიისთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის. 

მარიამს, ჩვენს დედას, ამ განსაკუთრებულ მადლს შევთხოვთ. 

დიდება ღვთისმშობელ მარიამს...

კომენტარები