კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მიუხედავად 8-10 მაისს დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტისა, რუსეთი პასუხს გასცემს, თუ უკრაინული ძალები რუსულ პოზიციებზე დარტყმებს მიიტანენ.
კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი თუ ვოლოდიმირ ზელენსკი 3-დღიან "ცეცხლის შეწყვეტას" არ დათანხმდება, პესკოვმა შემდეგნაირად უპასუხა:
"რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინის ინიციატივა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაშია და უმაღლესი სარდლის მხრიდან შესაბამისი მითითებები უკვე გაცემულია.
დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კიევის რეჟიმის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ იქნება და ჩვენი პოზიციებისა ან ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმის მცდელობები გაგრძელდება, მყისიერი და შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული". - თქვა პესკოვმა.
3 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება 9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას "თეატრალური დადგმა" უწოდა და პუტინს აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი რეალური ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისთვის ნამდვილად მზად არის, "ამერიკულ სტრატეგიას უნდა დაუჭირონ მხარი და 30 დღის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ".
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.
"ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა ქვეყნის [ლიდერის, მოქალაქის] მიმართ, რომელსაც რუსეთში უმგზავრია ან 9 მაისს აპირებს გამგზავრებას – ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ". - თქვა ზელენსკიმ.





