რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში მოკვდა პოლკოვნიკი, რომელიც პუტინმა დივიზიის მეთაურად 2 თვის წინ დანიშნა

აბდულაზიზ შიხაბიდოვი  

უკრაინაში მოკვდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების (ВДВ) 76-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზიის, იგივე ფსკოვის დივიზიის მეთაური, პოლკოვნიკი აბდულაზიზ შიხაბიდოვი. ის ამ პოზიციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მარტის პირველ ნახევარში დანიშნა.

დამოუკიდებელი რუსული ტელეგრამ არხი Агентство წერს, რომ შიხაბიდოვი მოსკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე უკვე დაკრძალეს.

ამავე მედიის ცნობით, თავდაპირველად ინფორმაცია შიხაბიდოვის სიკვდილის შესახებ დაღესტანში მდებარე სკოლებმა და რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ზე მოქმედმა Z-ჯგუფებმა გაავრცელეს. 

ფსკოვის დივიზია უკრაინის ომში მონაწილეობას ჯერ კიდევ 2014 წლიდან იღებს. მისი მებრძოლები მონაწილეობდნენ ყირიმისა და დონეცკის ოლქის მიტაცებაში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფსკოვის დივიზია იდგა ქალაქ ბუჩაში, სადაც რუსეთმა ომის დანაშაულები ჩაიდინა. სააგენტო Reuters-მა დაადასტურა, რომ 76-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადიოდა.

10 მარტს პუტინმა ფსკოვის დივიზიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი სერგეი ჩუბარიკინი საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაურის პოზიციაზე დააწინაურა, მის ნაცვლად კი შიხაბიდოვი დანიშნა. ერთი თვის შემდეგ პუტინი 76-ე დივიზიას აქემდა და ამბობდა, რომ ფრონტზე მათ წარმატებებს ეცნობოდა. ამის შემდეგ დაღესტანში, შიხაბიდოვის მშობლიურ რეგიონში, პოლკოვნიკის გამოსახულებების პოსტერების გაკვრა დაიწყეს. 

უკრაინამდე შიხაბიდოვი საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მონაწილეობდა. იბრძოდა სირიაშიც.

 

კომენტარები