აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა გაიმეორა, რომ მეორე და პირველ მსოფლიო ომებში მოკავშირეების გამარჯვება აშშ-ს დამსახურებაა და ამის აღსანიშნად 8 მაისსა და 11 ნოემბერს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გამარჯვების დღეებს დაარქმევს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების გამარჯვება "მხოლოდ აშშ-ს გამო" მოხერხდა, მაგრამ აშშ "ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ ზეიმობს".
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"ორი მსოფლიო ომი მოვიგეთ, მაგრამ ამ დამსახურებისთვის ქება არასდროს მიგვიღია, სხვა ყველა კი იღებს! მთელი მსოფლიოს გარშემო მოკავშირეები ზეიმობენ გამარჯვებას, რომელიც ჩვენ მეორე მსოფლიო ომში მოვიპოვეთ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ზეიმობს, ამერიკის შეერთებული შტატებია და გამარჯვება მხოლოდ ჩვენ გამო მიიღწია. აშშ-ს გარეშე ომს სხვა ქვეყნები მოიგებდნენ და მსოფლიო ძალიან განსხვავებული იქნებოდა. შესაბამისად, ეროვნულ დღესასწაულს ვაცხადებ, რათა აღვნიშნოთ გამარჯვებები პირველ მსოფლიო ომში, როდესაც ზავი 1918 წლის 11 ნოემბერს დაიდო და მეორე მსოფლიო ომი, რომლის გამარჯვების თარიღიც არის 1945 წლის 8 მაისი. ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის, 11 ნოემბრისათვის და 8 მაისისთვის, პირველი და მეორე მსოფლიო ომებისთვის, ქვეყანას არ შევაჩერებთ, რადგან ამერიკაში უკვე ზედმეტად ბევრი დასვენების დღე გვაქვს, წელიწადში საკმარისი დღეები აღარ არის დარჩენილი. მაშინაც მშრომელები ვიყავით და ახლაც მშრომელები ვართ! დოკუმენტაციას იხილავთ. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული!" - წერს ტრამპი.
მანამდე, დონალდ ტრამპმა აშშ-ში 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, 11 ნოემბერს კი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დაარქვა.
ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
"მრავალი ჩვენი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს აღნიშნავს, როგორც გამარჯვების დღეს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებისთვის. ამგვარად, მე 8 მაისს ვაცხადებ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ". - დაწერა ტრამპმა.
მოგვიანებით ტრამპს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ტრამპის განცხადება, რომ აშშ-მ მეორე მსოფლიო ომში სხვა მოკავშირეებზე მეტი გააკეთა "პათეტიკური სისულელეა".