ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების პრობლემების გამო 9 მაისს სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება.
რაზვოჟაევის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით იქნა მიღებული.
ე.წ. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება და ორგანიზატორებს 9 მაისის განრიგი ეცოდინებათ, თუმცა ის "გასაგები მიზეზების გამო" საჯაროდ არ გამოქვეყნდება.
9 მაისს რუსეთის მთავრობა საკუთარ და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად ყვავილების ცერემონიასა და სადღესასწაულო კონცერტების ჩატარებას გეგმავს.
3 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება 9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას "თეატრალური დადგმა" უწოდა და პუტინს აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი რეალური ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისთვის ნამდვილად მზად არის, "ამერიკულ სტრატეგიას უნდა დაუჭირონ მხარი და 30 დღის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ".
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.
"ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა ქვეყნის [ლიდერის, მოქალაქის] მიმართ, რომელსაც რუსეთში უმგზავრია ან 9 მაისს აპირებს გამგზავრებას – ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ". - თქვა ზელენსკიმ.





