ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის თქმით, აშშ უცხო ქვეყნების ფილმებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ უცხო ქვეყნებში წარმოებულ ფილმებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს

"ამერიკაში კინოინდუსტრია ძალიან სწრაფად კვდება. სხვა ქვეყნებს სხვადასხვა მამოტივირებელი შეთავაზებები აქვთ, რათა ჩვენი კინორეჟისორები და სტუდიები აშშ-დან მიიზიდონ. ჰოლივუდი და აშშ-ში სხვა მრავალი ტერიტორია ნადგურდება. ეს სხვა ერების მხრიდან შეთანხმებული ძალისხმევის შედეგია და, შესაბამისად, საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ყველაფერთან ერთად, ეს პროპაგანდაა! შესაბამისად, ვაჭრობის დეპარტამენტსა და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს უფლებამოსილებას ვანიჭებ, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნებში წარმოებული ნებისმიერ ფილმზე 100%-იანი ტარიფების დაწესების პროცესი დაიწყოს. ჩვენ კვლავ გვინდა ფილმები, რომლებიც ამერიკაში არის გადაღებული!" - წერს ტრამპი.

ტრამპის პასუხად ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მთავრობებმა თავიანთი ქვეყნების კინოინდუსტრიები დაიცვეს. 

"არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ავსტრალიის საეთერო ინდუსტრიის უფლებებს ერთმნიშვნელოვნად დავუჭერთ მხარს". - თქვა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტონი ბიორკმა. 

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ქრისტოფერ ლუქსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მთავრობა ტარიფების შესახებ დეტალებს ელის, თუმცა "ამ სექტორისა და ამ ინდუსტრიის" დიდი მხარდამჭერები იქნებიან.

ცნობისთვის, 2 აპრილს ტრამპმა 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში მყოფ ყოველ ქვეყანას 10%-იანი "საბაზისო", ხოლო მათგან აშშ-ს 70-ზე მეტ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს დამატებით "საპასუხო" ტარიფებიც დაუწესდა. 

მოგვიანებით, ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებზე დაწესებული "საპასუხო" ტარიფები 90 დღის ვადით შეაჩერა. ძალაში დარჩა მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფი, რომელიც ამ დროისთვის, თეთრი სახლის განმარტებით, ჯამში 145%-ს აღწევს. 

აპრილში ჩინეთმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაშვებული ამერიკული ფილმების კვოტას შეამცირებდა. 

"აშშ-ს მთავრობის არასწორი გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები ბოროტად გამოიყენოს ამერიკული ფილმების მიმართ ადგილობრივი აუდიტორიის კეთილგანწყობას გარდაუვლად შეამცირებს. [...[ ჩვენ ბაზრის წესებს მივყვებით, აუდიტორიის არჩევანს პატივს ვცემთ და იმპორტირებული ამერიკული ფილმების რაოდენობას ზომიერად შევამცირებთ". - განაცხადა ჩინეთის ფილმების ადმინისტრაციამ.

კომენტარები