ე.წ. ვაგზლის ბაზრობა

თბილისი ცენტრალი ე.წ. ვაგზლის ბაზრობის რეკონსტრუქციისთვის მზაობას აცხადებს

"სს თბილისი ცენტრალის" განცხადებით ე.წ. ვაგზლის ბაზრობის რეკონსტრუქციის პროექტის მომზადებისა და საჭირო ინვესტიციის განხორციელებისთვის მზად არის.

"აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შპს ბაქანი.

ხანძრის შედეგად დაზარალდა შპს ბაქანი და მათ მიერ დასაქმებული 300-ზე მეტი მოვაჭრე, სს თბილისი ცენტრალი და მისი სხვა მოიჯარეები რომლებმაც ერთობლივად რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაში". - ნათქვამია განცხადებაში.

"თბილისი ცენტრალის" თქმით, მიუხედავად მიღებული მნიშვნელოვანი ზარალისა, მზად არის უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.

"სს თბილისი ცენტრალს გააჩნია ყველანაირი საჭირო რესურსი რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული თანხმობის მიღებისთანავე, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია სავაჭრო სივრცის მაქსიმალურად მოკლე ვადებში რეკონსტრუქციისთვის, რაც საშუალებას მისცემს დაზარალებულ მოიჯარეებს აღადგინონ კომერციული საქმიანობა". - წერია განცხადებაში.

მათი თქმით, ბაზრობის ოპერატორთან ერთად ეცდებიან დაზარალებულ მოიჯარეებს კომერციული საქმიანობის განახლების შეღავათიანი პირობები შესთავაზონ.

თბილისში, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაიწვა დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრი ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო და სასაწყობე ობიექტები.

კომენტარები