შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს.
"2005 წელს დაბადებულ ს.ტ.-ს და 2005 წელს დაბადებულ ო.კ.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, გასაღების მომზადებასა და გასაღების მცდელობაში". - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულების პირადი ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 103 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს.
სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღო.
"გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს". - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





