აშშ-უკრაინა

ზელენსკი: მინერალების შესახებ შეთანხმება ვატიკანში ტრამპთან შეხვედრის პირველი შედეგია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Sasha Maslov for TIME

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს და უკრაინას შორის გაფორმებული მინერალების შეთანხმება ვატიკანში ზელენსკისა და ტრამპს შორის შემდგარი შეხვედრის პირველი კონკრეტული შედეგია. ზელენსკიმ ეს შეთანხმება მათი 26 აპრილის საუბრის "ისტორიულ" შედეგად შეაფასა.

ზელენსკის თქმით, მინერალების შეთანხმება, რომელიც კიევსა და ვაშინგტონს შორის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა, ისე, რომ უზრუნველყოფილიყო თანაბარი პირობები და სარგებელი ორივე მხარისთვის.

"ეს უკვე ნამდვილად თანაბარ პირობებზე დაფუძნებული შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის გახსნის გზას და ქვეყნის შიგნით წარმოების მასშტაბურ მოდერნიზაციას უზრუნველყოფს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი ჩვენს სამართლებრივ პრაქტიკას ახალ საფეხურზე აჰყავს," - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 26 აპრილს ტრამპი და ზელენსკი რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ და რუსეთ-უკრაინის ომის დამასრულებელი სამშვიდობო გეგმა განიხილეს. 

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩეუნგმა შეხვედრა "ძალიან კონსტრუქციულად" მოიხსენია, ხოლო ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან "კარგი შეხვედრა" ჰქონდა - პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შეძლეს. 

პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა მსოფლიო ლიდერები, მათ შორის, ტრამპთან ერთად, არგენტინის, გაერთანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, უკრაინის ლიდერებიც ესწრებიან. 

მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უკრავენ ტაშს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს მოედანზე შეკრებილი ადამიანები. 

ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობას წინ უძღვის აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის უკრაინის საკითხზე კრემლში გამართული შეხვედრა. 

კომენტარები