რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი, აცხადებს, რომ მას უკვე აქვს 72 სენატორის მხარდაჭერა კანონპროექტისთვის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას და იმ ქვეყნების მიმართ ტარიფების შემოღებას ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს, გაზს და სხვა მნიშვნელოვან რესურსებს ყიდულობენ.
გრემი კანონპროექტის მიღებას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს
Bloomberg News-ის მიერ ნანახი კანონპროექტის თანახმად, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, გაზს ან ურანს ყიდულობენ 500%-იანი ტარიფის დაწესებაა დაგეგმილი.
"მიზანი არის პრეზიდენტის დახმარება. მან [პუტინის მიმართ] იმედგაცრუება გამოთქვა. მე მინდა ეს ომი მოლაპარაკებების გზით, ღირსეულად და სამართლიანად დასრულდეს. ვფიქრობ, ტრამპი საუკეთესო ადამიანია ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს სანქციები სენატის შეხედულებას გამოხატავს, რომლის მიხედვითაც მთავარ დამნაშავედ რუსეთს ვთვლით" - განაცხადა გრემმა.
მან ასევე დაამატა, რომ პუტინი "დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპის მოტყუებას შეეცდება. ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი ინსტრუმენტია". გრემის თქმით, "როდესაც ტრამპი ჩათვლის, რომ ჩიხში ვართ, მოქმედებებს მაშინ თვალი ადევნეთ".
გრემის თქმით, მას ჰყავს საკმარისი მხარდაჭერა წარმომადგენელთა პალატაშიც, რათა სანქციების შესახებ კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატაშიც განსახილველად წარადგინოს.
მისი აზრით, პუტინს საბოლოოდ ტრამპთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომასა და რუსეთის ეკონომიკის "გასრესის" შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.





