კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მისი თქმით, საამისოდ უკრაინის მხრიდან "გარკვეულ ქმედებებს" ელიან.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости ავრცელებს.
"სულ მცირე, კიევისგან [ველით სიგნალს]. კიევმა ამასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგან. ისინი ხომ მოლაპარაკებებს იურიდიულად კრძალავენ. თუმცა, ჯერ ჩვენ ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ". - თქვა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
პესკოვი ასევე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან რუსული იერიშების კრიტიკას და მოწოდებას, რომ რუსეთმა თავდასხმები შეწყვიტოს. კრემლის სპიკერის თქმით, ომი გრძელდება.
"იყო ასეთი სიტყვები. გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია (უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს რუსი მაღალჩინოსნები და მედია ამ ტერმინით მოიხსენიებენ). გრძელდება აშშ-ს ძალისხმევა, რომ პროცესი მშვიდობიან კალაპოტში ჩააყენოს". - თქვა პეპსკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უწყვეტი იერიშები მშვიდობის შესახებ კრემლის განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
"რუსეთი ფრონტზე ცეცხლს საერთოდ არ წყვეტს და უკრაინას ამ წუთებში შაჰედებით ესხმის თავს. [...] რუსეთის ყველა განცხადება მშვიდობის შესახებ ცეცხლის შეწყვეტის გარეშე უბრალოდ ტყუილებია". - დაწერა ერმაკმა.
ცნობისთვის, რუსეთმა ბოლო დროს უკრაინაზე იერიში არაერთხელ მიიტანა, რის გამოც ტრამპმა რუსეთი რამდენჯერმე საჯაროდ გააკრიტიკა.
- ტრამპი პუტინს: ვლადიმირ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ადამიანი კვდება
- ტრამპი: შესაძლოა პუტინს ომის შეწყვეტა საერთოდ არ სურს
მანამდე, 27 აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი ყველანაირი წინაპირობის გარეშე მზად არის, უკრაინასთან აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.
"ტრამპის წარმომადგენელთან, უიტკოფთან გუშინდელი საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზად არის, ყველანაირი წინაპირობის გარეშე განაგრძოს მოლაპარაკებები უკრაინასთან" - თქვა პესკოვმა.
ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა 25 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრა გამართა.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის თემა უკრაინის ომის დასრულების ამერიკული გეგმა იყო და შეხვედრის შედეგად ორი ქვეყნის პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვდა.
კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა, შეხვედრა "კონსტრუქციულად და ძალიან სასარგებლოდ" შეაფასა.