რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

აშშ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის პირდაპირი მონაწილეობით შეშფოთებულია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ფხენიანის "პირდაპირი მონაწილეობით შეშფოთებულია". ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მედიისთვის ელფოსტით გაკეთებულ განცხადებაში, დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსი ამბობს, რომ  ჩრდილოეთ კორეის "სამხედრო განთავსება რუსეთში და ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია [ჩრდილოეთ კორეას] საპასუხოდ უწევს, უნდა შეწყდეს".

28 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს კურსკის ოლქში ტერიტორიების დაბრუნებაში დასახმარებლად ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა

"კორეელმა მეგობრებმა იმოქმედეს სოლიდარობის, სამართლიანობისა და ამხანაგობის გრძნობით. ჩვენ ამას მეტად ვაფასებთ და ღრმად მადლიერები ვართ პერსონალურად ამხანაგი კიმ ჩენ ინისა და ჩრდილოკორეელი ხალხის მიმართ". – თქვა პუტინმა კრემლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით. 

პუტინის სამადლობელ სიტყვას წინ უძღვის ფხენიანის მიერ რუსეთში სამხედროების გაგზავნის შესახებ არსებული ცნობების პირველად დადასტურება. 

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ

მედიის მიხედვით, სამხედროები ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთთან დადებული ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში გაგზავნა. 

"კურსკის გათავისუფლების ოპერაცია, უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციაში შეჭრის მოსაგერიებლად გამარჯვებით დასრულდა" – თქვა კიმ ჩენ ინმა. 

ამასთან, კრემლის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა ჩრდილოკორეელების "გმირობა" შეაქო და აღნიშნა, რომ ისინი "მნიშვნელოვნად დაეხმარნენ [რუსეთის არმიას კურსკში] უკრაინული ძალების დამარცხებაში".

პუტინისთვის კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებების შესახებ ანგარიშის ჩაბარების დროს გერასიმოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა "კურსკის ოლქის ტერიტორია სრულად გაათავისუფლა". 

"მსურს,  ხაზი გავუსვა კურსკის რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიების გათავისუფლებაში კონკრეტულად კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების შეტანილ წვლილს, რომელმაც ჩვენს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესაბამისად საკმაოდ დაგვეხმარა უკრაინული არმიის საბრძოლო ჯგუფის განადგურებაში, რომელმაც შეჭრა დაიწყო". - თქვა გერასიმოვმა. 

გერასიმოვმა დაამატა, რომ "კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცები და ოფიცრები რუს ჯარისკაცებთან ერთად საბრძოლო მიზნებს მხარდამხარ ასრულებდნენ და უკრაინული შეჭრის უკუგდების დროს მაღალი დონის პროფესიონალიზმი და ბრძოლაში გამძლეობა, სიმამაცე და გმირობა გამოავლინეს". 

მანამდე, უკრაინის გენშტაბმა უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია. 

გენშტაბმა რუსული მხარის განცხადება "პროპაგანდისტულ მახედ და სასურველის სინამდვილედ გასაღების სურვილად" მოიხსენია. 


ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ფხენიანის მიერ გაგზავნილი სამხედროები გასული წლის ნოემბერში უკრაინის წინააღმდეგ კურსკის მიმართულებით ბრძოლებში მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 10 თებერვალს კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა მხარდაჭერა რუსეთის მიმართ. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 5 ნოემბერს პირველად განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს. 

თუმცა, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა  ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

ორი დღის შემდეგ აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.

რადიო თავისუფლება რუსეთის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2024 წელს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის 13 221 მოქალაქე შევიდა, რაც წინა წელზე თორმეტჯერ მეტია. აქედან, ნახევარზე მეტმა მიზეზად "განათლების მიღება" დაასახელა.

კომენტარები