აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 26 აპრილს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შედგა. მან ასევე იმედგაცრუება გამოხატა რუსეთთან მიმართებით.
“ჩემი აზრით, [ზელენსკისთან] შეხვედრა კარგად წარიმართა. ვნახავთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ, ბევრ რაღაცას გავიგებთ. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რომ რაკეტები იყო გაშვებული რუსეთის მიერ. ძალიან იმედგამაცრუებელია. ვნახავთ, რა მოხდება.” - თქვა ტრამპმა.
ერთ-ერთი რეპორტიორის კითხვაზე, ენდობა თუ არა ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხს "დაახლოებით ორ კვირაში გეტყვით", რითაც მან მიანიშნა, რომ მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება რუსეთთან მიმართ გატარებული საგარეო პოლიტიკის კუთხით.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხრივ მომდევნო კვირა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება:
"ჩემი აზრით, ეს კვირა ძალიან გადამწყვეტი იქნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, როდესაც ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, გვსურს თუ არა, ვიყოთ ამ ძალისხმევაში ჩართულები". - თქვა მან.
რუბიოს თქმით, "საბოლოოდ, თუ ეს ვერ მოხდება, თუ ნაყოფს ვერ გამოიღებს, როგორც ერ-სახელმწიფოს, ჩვენ ვარიანტები გვაქვს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობის არ მიღწევაზე, მაგრამ გვირჩევნია, რომ ამ ეტაპამდე არ მივიდეთ, რადგან გვგონია, რომ ეს დიპლომატიის კარს ხურავს".
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ მორიგ კითხვაზე მან უპასუხა, რომ უკრაინელებს "რთული გზა აქვთ წინ".
"მას [ზელენსკის] თავისი ქვეყნისთვის კარგის გაკეთება სურს. იგი ფიქრობს, რომ კარგ საქმეს აკეთებს, და ის ბევრს მუშაობს. ვნახავთ, რა მოხდება, ეს ძალიან რთული შეთანხმებაა”. - აღნიშნა მან.
ტრამპის თქმით, ზელენსკიმ მას დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევა სთხოვა:
"ზელენსკიმ მითხრა, რომ მეტი იარაღი სჭირდება, მაგრამ ის ამას უკვე 3 წელია იძახის... მას მეტი იარაღი სჭირდება და ვნახავთ, რა მოხდება რუსეთთან მიმართებით, რადგან რუსეთზე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, ძალიან იმედგაცრუებული, რომ ეს ადგილები დაბომბეს მოლაპარაკებების შემდეგ". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ყირიმის შესახებ დასმულ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ ზელენსკის ამ საკითხზეც ესაუბრა, თუმცა დაამატა, რომ ყირიმი რუსეთს ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა 11-12 წლის წინ გადასცეს.
ტრამპის თქმით, მას სურს, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან "დაჯდეს, სროლა შეწყვიტოს და შეთანხმებას მოაწეროს ხელი".
შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია რუსეთთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა არ სურს.
ამასთანავე, ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკისთან მისი ურთიერთობა "ცუდი არასდროს ყოფილა" და დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტი "რთულ ვითარებაში იმყოფება. ის ბევრად დიდ ძალას ებრძვის, ბევრად დიდს და ეს ძალა დიდად წარმატებული ვერ იყო. [უკრაინელები] უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე ეგონათ. მათ [უკრაინელებს] დაეხმარა, როდესაც $350 მილიარდის ღირებულების იარაღი ან ფული მივეცით”.
ამას გარდა, რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა მზად ზელენსკი, უარი თქვას ყირიმზე, ტრამპმა უპასუხა: "ჩემი აზრით, კი" და დაამატა, რომ "ყირიმი 12 წლის წინ იყო. ეს პრეზიდენტი ობამა იყო, მათ [ყირიმი] იარაღის გასროლის გარეშე დათმეს, ამიტომ, ყირიმზე ნუ დამელაპარაკებით, ყირიმზე ობამასა და ბაიდენს ესაუბრეთ".
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკი ახლა უფრო მშვიდია, ვითარება ესმის და "შეთანხმების დადება სურს".