რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე კონტროლის აშშ-სთვის გადაცემას არ დათანხმდება - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS News-სთან ინტერვიუში რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის მმართველობაში ნებისმიერი ცვლილების იდეა უარყო, მათ შორის სადგურის აშშ-ს კონტროლის გადასვლის შემოთავაზება.

"არა, ჩვენ ასეთი შეთავაზება არასდროს მიგვიღია და თუ მივიღებთ, ავუხსნით, რომ სადგურს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კორპორაცია 'როსატომი' მართავს" -  თქვა ლავროვმა

მან ასევე აღნიშნა, რომ სადგური საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს (IAEA) პერსონალის მხრიდან მუდმივ მონიტორინგს გადის და მას საფრთხეს მხოლოდ უკრაინული მხარის იერიშები უქმნის.

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, ითვალისწინებდა თუ არა ეს პასუხი აშშ-ს მიერ სადგურის მართვის შესახებ გავრცელებულ წინადადებას, ლავროვმა უპასუხა - "არა, არ ვფიქრობ, რომ რაიმე ცვლილება შესაძლებელია. როგორც უკვე ვთქვი, მსგავსი სპეციფიკის შემცველი წინადადება არ მიგვიღია"


25 აპრილს, Reuters-მა აშშ-ს მიერ 17 აპრილს უკრაინისა და ევროპული ქვეყნებისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "უკრაინა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის კონტროლს დაიბრუნებს, რომელიც აშშ კონტროლისა და ადმინისტრირების ქვეშ იქნება - ელექტროენერგია ორივე მხარეს გადანაწილდება".

კომენტარები