რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია РИА Новости-ს ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ბრიგადის მოქმედმა მეთაურმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ "განადგურებული იქნებიან" კურსკის ოლქში მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების "მიმოფანტული დაჯგუფებები და ცალკეული სამხედროები".
თუმცა, აღნიშნული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის მანამდე კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მიერ გავრცელებულ ცნობასთან, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ რუსულმა ძალებმა სრულად აღადგინეს კონტროლი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიხედვით, კურსკში უკრაინელი სამხედროები სამხედრო მოქმედებებს განაგრძობენ.
"ჩვენი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში" - თქვა ზელენსკიმ 27 აპრილს და დაამატა, რომ ყველაზე მძიმე შეტაკებები კურსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობს.
უკრაინულმა მხარემ 27 აპრილს უარყო ვლადიმირ პუტინის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია და რუსული მხარის განცხადებას "პროპაგანდისტული მახე და სასურველის სინამდვილედ გასაღების" მცდელობა უწოდა.
"კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება. ოპერატიული მდგომარეობა რთულია, თუმცა ჩვენი ერთეულები გარკვეული პოზიციებს კვლავ იკავებენ და დავალებულ ამოცანებს ასრულებენ, ამავდროულად ყველა ტიპის იარაღით ცეცხლს ეფექტიანად ისვრიან და, მათ შორის, შეტევითი თავდაცვის ტაქტიკას იყენებენ.
დღის დასაწყისიდან მოყოლებული სამხედროთა დაჯგუფების, კურსკის ოპერაციულ ზონაში მოწინააღმდეგის ხუთი საშტურმო ქმედება იქნა მოგერიებული, კიდევ ერთი ასეთი სამხედრო დაპირისპირება კვლავ მიმდინარეობს". - წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში, რომელიც 26 აპრილს გავრცელდა.
ცოტა ხნით ადრე, პუტინი ირწმუნებოდა, რომ კურსკის ოლქის "გათავისუფლების ოპერაცია" დაასრულეს და "ВСУ-სგან გაათავისუფლეს" უკანასკნელი დასახლებული პუნქტი, გორნალი.
ხოლო კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა პუტინს "უკრაინელი ნეონაცისტებისგან კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის დასრულების შესახებ" ანგარიში ჩააბარა.