რუსული რეჟიმი

12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ხასაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, გელა ხასაიამ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე დავით თეთრაულმა 16 აპრილს შეუფარდა.

"თვითონაც როცა გახსნეს დაამტკიცეს, რომ ჩანთაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ მქონდა, მაგრამ ჩემი მოტივი იყო ის, რომ მათ უკანონო მოწოდებებზე არ დავმორჩილებოდი, იმიტომ, რომ თუ მათ მივცემთ უფლებას ყველა უკანონო ბრძანება შეასრულონ, მაშინ ბრძოლის აზრს ვერ ვხედავ. ბრძოლის აზრს ვხედავ წინააღმდეგობაში, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების არ დამორჩილებაში.

ეს იყო ჩემი ერთადერთი მოტივი, თორემ ჩანთაში რამე რომ მქონოდა, ახლა არ გამოვიდოდი და საერთოდ სხვა ლოკაციაზე ვიქნებოდი. ეს, რა თქმა უნდა, არ გამაჩერებს, უბრალოდ, ამ დღეებმა შემძინა უფრო მეტი ემოციური კავშირი პატიმრებთან, რომელიც ტყვეობაში იმყოფებიან და კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი რა ემოციურ ფონს განიცდიან ისინი. გაჩერება კი არა, იმაზე მეტი უნდა ვაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით". - თქვა ხასაიამ იზოლატორის დატოვების შემდეგ.

31 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ხასაიას "გონივრული ეჭვის საფუძველზე" ჩანთის გახსნა მოსთხოვა. აქტივისტმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის ზედაპირულად დაეთვალიერებინათ, ხასაიამ ჩანთის გახსნაზე უარი თქვა, რადგან მისი თქმით, ჩანთის გახსნა ზედაპირული დათვალიერება არ არის.

ხასაია განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს

კომენტარები