რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Reuters უკრაინისა და EU-ს ქვეყნების მიერ აშშ-სთვის წარდგენილ სამშვიდობო გეგმას აქვეყნებს

Julien De Rosa/AFP via Getty Images

23 აპრილს ლონდონში უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა, გერმანიის და აშშ-ს დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მხარეს ომის დასრულების გეგმის მრავალპუნქტიანი ვერსია წარუდგინეს. 

Reuters-მა აღნიშნულ დოკუმენტზე წვდომა მოიპოვა

შემუშავებული გეგმის ტექსტს, Reuters-ზე დაყრდნობით, უცვლელად გთავაზობთ:

რუსეთ-უკრაინის შეთანხმების სამუშაო ჩარჩო

ცეცხლის შეწყვეტა:

  • ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა ცაში, მიწაზე და ზღვაში. 

  • ორივე მხარე აშშ-სთან და ევროპულ ქვეყნებთან დაუყოვნებლივ იწყებს მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის ტექნიკურ იმპლემენტაციაზე. ეს ხდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგისა და სამუშაო ჩარჩოს მომზადების პარალელურად. 

  • ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგი, რომელსაც აშშ უძღვება, მესამე ქვეყნების დახმარებით. 

  • რუსეთი დაუყოვნებლივ აბრუნებს ყოველ დეპორტირებულ და უკანონოდ გადაადგილებულ უკრაინელ ბავშვს. ხდება ომის ყოველი პატიმრის გაცვლა ("ყველა, ყველას სანაცვლოდ" პრინციპით). რუსეთი ათავისუფლებს ყველა [ომის პატიმარ] მშვიდობიან მოქალაქეს. 

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის:

  • უკრაინა იღებს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს, მათ შორის, აშშ-სგან (NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი შეთანხმება) მანამ, სანამ ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსი [უკრაინის] NATO-ში გაწევრიანების შესახებ არ არსებობს. 

  • არანაირი შეზღუდვა უკრაინის თავდაცვის ძალებზე. 

  • გარანტორი სახელმწიფოები ევროპული ქვეყნებისა და მსურველი არაევროპული ქვეყნებისგან შემდგარი ad hoc ჯგუფი იქნება. უკრაინის ტერიტორიაზე არ შეიზღუდება მეგობრული უცხოური ძალების [სამხედრო] ყოფნა, იარაღი და ოპერაციები. 

  • უკრაინა გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობას. 

ტერიტორია:

  • ტერიტორიული საკითხები განხილული იქნება და გადაწყდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. 

  • მოლაპარაკებები ტერიტორიის შესახებ დაიწყება მიმდინარე კონტროლის ხაზის საფუძველზე. 

  • უკრაინა აშშ-ს ჩართულობით დაიბრუნებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე კახოვკას ჰიდროელექტროსადგურს. 

  • უკრაინას შეეძლება შეუფერხებელი გადასვლა დნეპრის მდინარეზე და კინბურნის სანაპიროს კონტროლი. 

ეკონომიკა: 

  • აშშ და უკრაინა აამოქმედებენ მინერალების შეთანხმებას და დაიწყებენ ეკონომიკურ თანამშრომლობას. 

  • მოხდება უკრაინის სრული რეკონსტრუქცია და ფინანსური კომპენსაცია, მათ შორის, რუსული სუვერენული აქტივებით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინას ზიანს არ აუნაზღაურებს. 

  • აშშ-ს მიერ 2014 წლიდან რუსეთზე დაწესებული სანქციები შესაძლებელია, თანდათანობით შემსუბუქებას დაექვემდებაროს მას შემდეგ, რაც მდგრადი მშვიდობა იქნება მიღწეული, ხოლო [სანქციები] შესაძლოა გაგრძელდეს, თუ მოხდება სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა. 

როგორც 24 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მომზადებული დოკუმენტი ამჟამად, სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა.

"შეერთებული შტატების წინადადების შემდეგ გაჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზეა," - თქვა ზელენსკიმ.

მოცემული გეგმა უკრაინამ და ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ს მიერ წარდგენილი წინადადების საპასუხოდ მოამზადეს.

Reuters-მა აშშ-ს მიერ უკრაინისა და EU-ს ქვეყნებისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა გაავრცელა

კომენტარები