ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება [...] დღემდე, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებასა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც საქართველოს ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის სამშობლოს სიყვარული იყო და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად ერთი მყარი აგური მეც დამედო.
2011 წლის ოქტომბერში ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და მე მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი". - თქვა ღარიბაშვილმა.
2024 წლის იანვრიდან დღემდე, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო.
თავდაპირველად, 2012 წლის ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილი მე-8 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი იყო, ამის შემდეგ კი ის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, სადაც ამ თანამდებობაზე 1 წელი იმუშავა. 2013 წლის 20 ნოემბერს ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად დაინიშნა. პარალელურად, ის ქართული ოცნების თავმჯდომარეც იყო.
2019 წელს ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა, 2 წლის შემდეგ კი მან პრემიერმინისტრობის თანამდებობა მეორედ დაიკავა, როცა გუნდიდან გიორგი გახარია წავიდა.





