სირიის ახალ პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება და აბრაამის შეთანხმებებთან შეერთება სურს.
გამოცემა Bloomberg-თან საუბრისას ამერიკელმა კონგრესმენმა და აშშ-ს საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების წევრმა, კორი მილსმა აღნიშნა, რომ სირიის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის პირობები და ისრაელთან მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები განიხილა.
19 აპრილს კონგრესმენები კორი მილსი და მარლინ სტუცმანი დამასკოში აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოდან პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ალ-შარაამ მილსს შეხვედრისას უთხრა, რომ სირია "სწორი პირობების შემთხვევაში" აბრაამის შეთანხმებებთან შეერთებით არის დაინტერესებული.
აბრაამის შეთანხმებები, რომელიც ისრაელს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და მაროკოს შორის 2020 წლის სექტემბერში გაფორმდა, არაბულ სამყაროში მშვიდობის დამყარებისა და ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იყო ინიცირებული.
მილსმა Bloomberg-ს უთხრა, რომ დონალდ ტრამპს ალ-შარაასგან წერილს გადასცემს, თუმცა მის შინაარსზე არ უსაუბრია.
"მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და დიალოგის შენარჩუნებას ვუჭერ მხარს". - თქვა მილსმა.
კონგრესმენების თქმით, დამასკოში სირიის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისრაელის ავიაიერიშებზე ისაუბრეს, რომლებიც სამხრეთ სირიაში მდებარე სამხედრო ობიექტებს იღებენ მიზანში.
"ვიმედოვნებ, რომ სირიაში ჩამოყალიბდება ძლიერი მთავრობა და რომ ისრაელსა და სირიას შორის შეიძლება ჩამოყალიბდეს ძლიერი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია". - თქვა კონგრესმენმა სტუცმანმა.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნის ერთ-ერთ წინაპირობა ქიმიური იარაღის განადგურება და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობაა.
მანამდე, ისრაელმა დამასკოს ახალი ხელისუფლების გაფრთხილების ნიშნად, სირიაში არსებულ სამხედრო ობიექტებზე იერიშები გააძლიერა და სირიის მოკავშირე თურქეთი ქვეყნის საკუთარ პროტექტორატში მოქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იერიშების შედეგად, ტერიტორიაზე მყოფი 9 ადამიანი დაიღუპა. სააგენტომ მოვლენა დაახასიათა, როგორ ისრაელური ჯარების მიერ ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური შემოჭრა.





