საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, გასულ კვირაში ევროპულმა ძალებმა აშშ-ს ის წითელი ხაზები გააცნეს, რომელთა გადაკვეთაც მიუღებელი იქნება უკრაინა-რუსეთის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაში.
"ჩვენთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მიზანი ფრანგული ინტერესებისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვაა. სწორედ ამიტომ, რადგან აშშ-მ შუამავლის როლის შესრულება გადაწყვიტა, ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი ე.წ. წითელი ხაზები". - თქვა ბარომ.
კითხვაზე, თუ რამდენად სერიოზულად მიიჩნევს ტრამპის განცხადებას, რომ სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, ამ კვირაში გამოცხადდეს, ბარომ აღნიშნა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინიზეა დამოკიდებული.
"ვფიქრობ, რომ სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც პუტინმა გარკვეულწილად მოულოდნელად გამოაცხადა, მარკეტინგული ნაბიჯი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ტრამპის მოუთმენლობის თავიდან აცილებას". - დაამატა ბარომ.
უკრაინამ, აშშ-მ, საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ პირველი ერთობლივი მოლაპარაკებები გასულ კვირაში, პარიზში გამართეს. მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მორიგ შეხვედრას ოთხშაბათს, ლონდონში გამართავენ.