ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული და შემდგომში რუსული მხარის მიერ დარღვეული სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შემდეგ, 21 აპრილს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.
გამთენიისას რუსეთმა ქალაქი ნიკოლაევი რაკეტებით, ხოლო ხერსონი არტილერიით დაბომბა.
ხერსონზე იერიშის შედეგად დაიჭრა ერთი 1952 წელს დაბადებული კაცი. ნიკოლაევის დაბომბვას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გარდა ამისა, რუსეთმა ხერსონის ოლქში, ქალაქ ბელოზერკაზე დრონებით იერიში მიიტანა. უპილოტო საფრენი აპარატიდან ასაფეთქებლის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი. აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი კაცი საავადმყოფოში მოხვდა.
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა 12 დასახლებაზე, შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 3 ადამიანი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშის მიხედვით, 21 აპრილს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 96 შაჰედის ტიპის დრონით მიიტანა იერიში.
საჰაერო ბრძოლის შედეგად განადგურებულია 42 უპილოტო საფრენი აპარატი. გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 47 დრონი.
დრონების იერიშის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქები.
იერიშის მოგერიებაში მონაწილეობდა უკრაინული ავიაცია, საზენიტო ქვედანაყოფები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.