რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: მორატორიუმის ვადა ამოიწურა, თუმცა პუტინისგან გახანგრძლივების ბრძანება არ მიგვიღია

დიმიტრი პესკოვი და ვლადიმირ პუტინი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინულ ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმაზე 1-თვიან მორატორიუმს ვადა გაუვიდა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მორატორიუმის გახანგრძლივების შესახებ ახალი დირექტივა არ გაუცია. 

მოსკოვში გამართულ პრესბრიფინგზე პესკოვს ჰკითხეს, მორატორიუმის ვადის ამოწურვა ნიშნავდა თუ არა იმას, რომ რუსეთსაც და უკრაინას ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანის გაგრძელება შეუძლიათ. 

"ერთი თვე ნამდვილად ამოიწურა, თუმცა ამ მომენტში რაიმე დამატებითი ინსტრუქციები უზენაესი მთავარსარდალი პუტინისგან არ მიგვიღია". - თქვა პერსკოვმა შეკითხვის საპასუხოდ. 

ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დროებითი პაუზა პესკოვმა "გარკვეულ პროგრესად" მოიხსენია უკრაინაში მიმდინარე ომის კონფლიქტის გადაწყვეტის კონტექსტში. 

კრემლის პრესსპიკერის მტკიცებით, "რუსეთის ფედერაციამ, უკრაინული მხარისგან განსხვავებით, მორატორიუმი დაიცვა". 

ცნობისთვის, 18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ტრამპი გამოვიდა წინადადებით, კონფლიქტის მხარეებს 30 დღით ორმხრივად შეეკავებინათ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან.

წინადადებას ორივე მხარე დათანხმდა. თუმცა მალევე, მოსკოვმა კიევი მორატორიუმის დარღვევაში დაადანაშაულა და დაიმუქრა რომ რუსული მხარე უფლებას იტოვებდა, მიეტანა დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "უკრაინის ხელისუფლების მიერ ამ მორატორიუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში". 

ბრალდებები მორატორიუმის დარღვევის შესახებ 18 მარტის შემდეგ უკრაინულმა მხარემაც რამდენჯერმე წაუყენა რუსეთს. 

კომენტარები