რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მოსკოვი კიევს მორატორიუმის დარღვევაში ადანაშაულებს და ენერგო ობიექტებზე დარტყმით იმუქრება

Bloomberg

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიტანოს დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "უკრაინის ხელისუფლების მიერ ამ მორატორიუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში".

"არალოგიკური იქნებოდა ჩვენი მხრიდან მორატორიუმის დაცვა და ამავდროულად, ყოველ ღამე ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მცდელობების წინაშე დგომა". - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები "არ ასრულებენ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავების ბრძანებებს". მისი თქმით, ასეთი დარტყმების მცდელობები "ყოველდღიურად გრძელდება".

"იკვეთება სრული უკონტროლობა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებზე. ობიექტურად, უკრაინის ყველა სამხედრო დანაყოფი არ ასრულებს ქვეყნის ხელმძღვანელობის ბრძანებებს. რუსეთის ენერგოსისტემისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების მცდელობები კვლავ გრძელდება. შესაბამისა, თუ უკრაინა მართლაც შემოუერთდა მორატორიუმს და შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი ბრძანებები მისცა, მაშინ ისინი აშკარად არ სრულდება". - თქვა პესკოვმა.


18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა ლაპარაკის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი "ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო". 

კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ კონფლიქტის მხარეებმა 30 დღით ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან.

25 მარტს, კრემლმა გამოაქვეყნა აშშ-თან შეთანხმებული რუსეთისა და უკრაინის იმ ობიექტების სია, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს.

კრემლის რწმუნებით, სიაში ჩამოთვლილი ობიექტები "ექვემდებარება ენერგოსისტემაზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს", რომელიც ორივე მხარემ უნდა დაიცვას.

სიაში მოყვანილი ობიექტების ჩამონათვალში შედის:

  1. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები;
  2. ნავთობისა და გაზის მილსადენები და საცავები, მათ შორის სატუმბი სადგურები;
  3. ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებლები;
  4. ატომური ელექტროსადგურები;
  5. ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები.

კომენტარები